აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში სამედიცინო ტურიზმის თემით დაინტერესდნენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში სამედიცინო ტურიზმის თემით დაინტერესდნენ

- ივნისი 29, 2017

23-26 ივნისს აზერბაიჯანის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს „საჩხერის სამედიცინო ცენტრმა“ უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ სამედიცინო ტურიზმია. პრესტური, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო, მიზნად ისახავდა ზოგადად საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციას.

პრესტურის მონაწილეები ახლოს გაეცნენ საჩხერის მრავალპროფილურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც განთავსებულია თითქმის 5 ჰექტარზე გაშლილ 6 კორპუსში, სადაც პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება პაციენტზეა ორიენტირებული. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს სტაციონარული განყოფილებები, მრავალპროფილური პოლიკლინიკა, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, კომფორტული სასტუმრო, რომელიც სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია.

„აზერბაიჯანიდან ჩამოსული 11-კაციანი ჯგუფის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჩვენი კლინიკა აღმოჩნდა, სადაც დაათვალიერეს რამდენიმე დეპარტამენტი, დაინტერესდნენ დიაგნოსტიკური ნაწილით. რამდენიმე სტუმარმა გამოკვლევაც ჩაიტარა,“ – აღნიშნა „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მენეჯერმა თამარ მელიქიძემ.

თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ სტუმრებიც საუბრობენ.

ზაჰიდ ნურგილაევი, პორტალ ,,telegraf.com”-ის რედაქტორი:

„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კლინიკამ, თავისი თანამედროვე ტექნოლოგიებით და პერსონალმა, რომელთაგან უმეტესობას განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. დღეს სამედიცინო ტურიზმი მთელს მსოფლიოში ვითარდება და მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენთვის, აზერბაიჯანელებისთვის სამკურნალოდ საქართველოში ჩამოსვლა ძალიან ხელსაყრელია. გარდა იმისა, რომ აქ უმაღლესი დონის სამედიცინო პროცედურებზე ხელმისწვდომი ფასებია, დახვედრაც სულ სხვანაირია. აქ რომ ჩამოვდივართ, თავს თითქოს ისევ სახლში ვგრძნობთ. ჩვენ მაქსიმალურად გავავრცელებთ ინფორმაციას, რათა აზერბაიჯანის მოქალაქეები აუცილებლად დაინტერესდნენ კლინიკა მედი-ჰაუსით.“

აინურ ჰაჯიევა, წამყვანი ბლოგერი ინტერნეტგამოცემებზე: ATV.az, 1news.az, baku.ws:

„ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ასეთი დონის სამედიცინო მომსახურება აზერბაიჯანში დიდ ინტერესს გამოიწვევს. საქართველო ჩვენთან ახლოს მდებარეობს, აქ ძალიან კომფორტული გარემოა და ფასების პოლიტიკაც ჩვენი თანამემამულეებისთვის მისაღები იქნება. ისინი აქ აუცილებლად ჩამოვლენ „საჩხერის სამედიცინო ცენტრში. უბრალოდ, ამისთვის აუცილებელია, შესაბამისი ინფორმაცია ჰქონდეთ, ამაზე კი, ჩვენ, ჟურნალისტები ვიზრუნებთ.“

გარდა სამედიცინო ცენტრისა, სტუმრებმა დაათვალიერეს ზემო იმერეთის ღირსშესანიშნაობები: მოინახულეს კაცხის სვეტი, იყვნენ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, ნახეს უძველესი მარნები.

„ჩვენი მიზანი იყო, სტუმრებისთვის გაგვეცნო საქართველოს ის პატარა ნაწილი, რომელსაც ზემო იმერეთი ჰქვია,“ – დასძენს „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მენეჯერი თამარ მელიქიძე.

აღსანიშნავია, რომ პრესტურის ფარგლებში ჩამოსული აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოს სამედიცინო ტურიზმის შესახებ მოამზადებენ სტატიებს, გააკეთებენ რადიო-სიუჟეტებს და გადაცემებს წამყვანი ტელევიზიებისთვის.